ევროკავშირის ქვეყანაში სეზონური დასაქმების მიზნით შესასვლელად საჭიროა გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა. ძირითადი დოკუმენტია შრომითი ხელშეკრულება ან დამსაქმებლის სავალდებულო სამუშაო შეთავაზება იმ ევროკავშირის ქვეყნიდან, სადაც მუშაკი უნდა დასაქმდეს. ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული სამუშაოს ტიპი, მისი ხანგრძლივობა, ანაზღაურება, სამუშაო საათები და ანაზღაურებადი შვებულების ოდენობა. ასევე აუცილებელია მოქმედი პასპორტი ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი, ჯანმრთელობის დაზღვევა და საცხოვრებლის დადასტურება მთელი ყოფნის პერიოდისათვის.
განაცხადი უნდა წარედგინოს იმ ევროკავშირის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც ინდივიდს სურს დასაქმება, ვიზის, სამუშაო ნებართვის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად. განაცხადი, როგორც წესი, უნდა იქნეს წარდგენილი მაშინ, როდესაც მუშაკი კვლავ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იმყოფება. განაცხადზე გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მიიღება 90 დღის განმავლობაში.
სეზონური მუშაკის სტატუსით მესამე ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს იცხოვროს და იმუშაოს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც გასცა ვიზა ან ნებართვა. ოჯახის წევრების გადაყვანა მასპინძელ ქვეყანაში საცხოვრებლად არ არის ნებადართული. თუმცა, მუშაკს გააჩნია იგივე სამუშაო პირობები, ასოცირების თავისუფლება, საგადასახადო სარგებელი და გარკვეულ საჯარო სერვისებზე წვდომა, როგორც მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს.